ევგენი ხარაძე

 ევგენი კირილეს ძე ხარაძე (დ. 18 ოქტომბერი/31 ოქტომბერი 1907, თბილისი — გ. 10 ოქტომბერი 2001, თბილისი) — ქართველი ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1977), პრეზიდენტი (1978-1986). საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მოღვაწე. სკკპ წევრი 1942 წლიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1930). 1949 წლიდან პროფესორი იქვე, 1939 წლიდან ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959-1965 წწ. რექტორი.

ბიოგრაფია

 ევგენი ხარაძე დაიბადა 1907 წლის ოქტომბერს. დაამთავრა თსუ. მეცნიერების ნამდვილი მოღვაწე იყო. სხვადასხვა წლებში, მრავალი წლის განმავლობაში, ეკავა არაერთი საპასუხისმგებლო პოსტი.

  • 1932-1992 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი;
  • 1936 წლიდან - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიუროს წევრი;
  • 1962-1974 წწ. - ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტის თავჯდომარე;
  • 1976-1982 წწ. - საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი;
  • 1965-1970 წწ. - საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი;
  • ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი;

 საქართველოს სსრ საზოგადოება „ცოდნის“ თავჯდომარე (1977-1980 წწ.; 1981 წლიდან საპატიო თავჯდომარე); ჟურნალ „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ მთავარი რედაქტორი; უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიების წევრი, სასკოლო და საუნივერსიტეტო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ორიგინალური სახელმძღვანელოების ავტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობა

 ხარაძის ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება  გალაქტიკის  აგებულებას, მასში მყოფ ვარსკვლავთა სპექტრული და ფოტომეტრიული მახასიათებლების, აგრეთვე  ვარსკვლავებისა  და ვარსკვლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკვლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კლიმატის, ტელესკოპთა ოპტიკური კვლევის საკითხებს.

 აღმოაჩინა რომ P Cyg -ტიპის ვარსკვლავთა სპექტრში ხაზების დოპლერისეული წანაცვლებანი მოწმობენ ვარსკვლავის განვრცობილ ატმოსფეროში ელემენტების სტრატიფიკაციას. შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები, მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის შთანთქმა გალაქტიკაში.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

 მთავარი სტატია : აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.

 აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი კალენდარი“ და „ობსერატორიის ბიულეტენი“.

ხარაძე როგორც სახელმწიფო მოღვაწე

  • სსრკ მინისტრთა საბჭოს უმაღლესი საატესტაციო კომისიის წევრი;
  • მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი;
  • საქართველოს სსრ IV-VI, VIII და სსრკ IX-XI მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
  • საქართველოს კპ ცკ-ის წევრი.

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html
Make a free website Webnode